Sunday, February 24, 2013

მნიშვნელოვანი ექსპედიციები

   განსაკუთრებით უმადლის ქართული სიძველეთმცოდნეობა ექ.თაყაიშვილს  ჯერ ერთი ქვემო ქართლისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აწ. საზღვარგარეთ მოქცეულს) ძეგლთა ჯეროვან ფიქსაცია-გამოქვეყნებას, რამაც წარმოაჩინა ერთი მჭევრმეტყველი მოწმობა შუა საუკუნეებში იმ მხარეთა მჭიდროდ დასახლებულობისა და კულტურული სიძლიერისა და მეორე -ზოგი ისეთი ნაგებობისა თუ ნივთის მეცნიერულ უკვდავყოფას, რომელიც მას შემდგომ სხვადასხვა უკუღმართობამ იმსხვერპლა. გარდა საკულტო არქიტექტურა-მხატვრობის ისტორიისა, მისმა ამ დაუღალავმა შრომამ უამრავი ძვირფასი მასალა შესძინა შუა საუკუნეთა ქართულ ოქრომჭედლობის ისტორიასაც. არ შეიძლება არ აღინიშნოს მის მიერ მართებულად უკუგდებული აზრი, რომ თითქოს სვანეთში მხოლოდ ბარიდან გახიზნული ოქრო-ვერცხლის ნივთები იყო შემორჩენილი; მან დაამტკიცა,რომ იქაური ნივთების დიდი ნაწილი იქაურივე ოსტატების ნახელავია, . სვანეთში ოქრომჭედლობა ძალიან ყოფილა განვითარებული.
   მაინც, უმნიშვნელოვანეს ექსპედიციად  ექვთიმეს უნდა ჩაეთვალოს ტაო-თორთუმ-ისპირის ექსპედიცია, რომელიც მან მოაწყო პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, 1917 წლის ზაფხულში; ისარგებლა იმითი, რომ თურქეთის ფრონტზე რუსის ჯარის ძლევამოსილი წინსვლის შედეგად მტკვრისა და ჭოროხის  სათავეები - ძველისძველი ქართული მიწა-წყალი და კულტურის ერთი უღონიერესი კერა, ბაგრატიონთა თავდაპირველი სამფლობელო და მამული არა თუ გათავისუფლდა, არამედ საომარი მოქმედების ზურგშიც კი მოექცა; ეს რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ნიშნავდა არც უსაფრთხოებასა და არც მგზავრობის სიადვილეს: პირიქით, მძვინვარე ომისგან განადგურებულ,არეულ და დამშეულ მხარეში უხდებოდათ წასვლა. ყოველივე ეს რომ გაუთვალისწინებია ექ.თაყაიშვილს, ანდერძიც კი დაუტოვებია მეუღლისთვის: თუ ცოცხალი ვერ ჩამოვბრუნდე, მოკრძალებით დამმარხეთ, არავინ შეაწუხოთ და ჩემი ქონება კი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას დარჩესო. ამჟამად თვით ექვთიმესაც, აღნიშნულ საზოგადოებასაცა და მათი მუშაობის მიზნებსაც უკვე საყოველთაო აღიარება ჰქონდა მოპოვებული ქართველობაში და ამ ექსპედიციისთვის საჭირო სახსარი, საერთო გამარჯვების მიუხედავად, სწორედ ჩვენი საზოგადოების მოწინავე წრეებს გამოუღია,ხოლო ადგილობრივ ქართველ ოფიცრებს დიდი დახმარება აღმოუჩენიათ
   ექსპედიციამ,რომ იტყვიანსულზე მოუსწროიქაურ ძეგლებს, ვინაიდან რამდენიმე თვის შემდეგ ის მზარეები კვლავ თურქეთმა ჩაიგდო ხელში და დღემდე ფლობს მათ. ექსპედიციის მიერ ჩამოტანილი მასალები, სხვა ადრინდელ მასალებთან ერთად ( ანაზომები, გეგმა-ჭრილები, მოხატულობის ასლები, რელიეფთა მულაჟები და სხვა­) საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების იმ შესანიშნავ გამოფენას( სათანადო კატეგორიითურთ),რომელიც 1920 წელს მოეწყო და რომელმაც თურმე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში.
   ექ.თაყაიშვილის მთელი ეს კვლევითი მოგზაურობა იმავე დროს არის ძეგლთა დაცვა და შემონახვის მუდმივი შეუნელებელი ღონისძიებაც  თუნდაც იმის გამო, რომ მან მეცნიერებაში შემოიყვანა და პირველადი ფიქსაციით მაინც საიმედოდ უკვდავყო მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომლებიც მისი  წინამორბედებისთვის  უცნობი დარჩენილაგაუდაბურებული ქვემო ქართლის უღრან ტყეებში შემალული თუ კლარჯეთის მიუვალ კლდეებში მიკარგული ეკლესია-ნამონასტრევი,უპატრონოდ დარჩენილ საგნად ქცეული ნივთები,სანაგვედ განწირული ხელნაწერები... გარდა ყოველივე ამისა, ექვთიმე საჭიროებისამებრ აქტიურად მონაწილეობდა ბეჭდური სიტყვით, ფულადი შემწეობით, თუ მისი ცნობილი ორგანიზატორული სიმარჯვით...

  

No comments:

Post a Comment